ფრონტ-ენდ დეველოპმენტი, ანუ გარეკანი, რომლითაც წიგნზე ვმსჯელობთ

ვებ დეველოპმენტმა, უკანასკნელ წლებში, დიდი ყურადღება მიიქცია, ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს, ყველაფერი კი, იქიდან იწყება, რომ ვიღაც ვებ საიტს ქმნის, მის ვიზუალურ მხარეს, ფუნქციონალს, სწრაფ რეაგირებას, უსაფრთხოებასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს და მზა პროდუქტს მომხმარებლებს წარუდგენს. 

ვებ საიტის შექმნა ორ ნაწილად — ბექ-ენდად და ფრონტ-ენდად იყოფა და ამ ორი ელემენტის გაერთიანების შედეგად მიიღწევა.ნამ ბლოგპოსტში სწორედ ფრონტ-ენდ დეველოპერებზე, მათ საქმიანობაზე, პროგრამულ ენებსა და დებაგინგზე გიამბობთ. 

ფრონტ-ენდ დეველოპმენტი იმ ყველაფერს განკარგავს, რასაც საიტსა თუ აპლიკაციაში შესული მომხმარებელი ხედავს. ფრონტ-ენდ დეველოპერები სწორედ საიტებისა და აპლიკაციების ინტერფეისზე, ე.წ. “კლიენტის მხარეზე” არიან პასუხისმგებელნი; მათი საქმიანობის ნაწილია როგორც კოდის ანალიზი და დიზაინი, ისე დებაგინგი. ბაგი – იგივე პროგრამული შეცდომა, უზუსტობა ან ნაკლია, რომელიც არასწორ ან მოულოდნელ შედეგს იწვევს. ვინაიდან ფრონტ-ენდ დეველოპერი ვებ საიტის ვიზუალურ მხარეზეა პასუხისმგებელი, სწორედ მან უნდა გარდაქმნას ბექ-ენდ დეველოპერის მიერ დაწერილი კოდი გრაფიკულ ინტერფეისად და საიტი თუ აპლიკაცია მომხმარებლებისათვის ადვილად მოხმარებად, მარტივად გასაგებ პროდუქტად აქციოს. ფრონტ-ენდ დეველოპმენტის არსებობის გარეშე, საიტზე შესვლისას, მხოლოდ გაუგებარ კოდებს დავინახავდით, ასე რომ, ის, რასაც ჩვენს საყვარელ საიტებზე სტუმრობისას ვხედავთ, ბექ-ენდ და ფრონტ-ენდ დეველოპერების ერთობლივი მუშაობის შედეგია.

საიტებისა და აპლიკაციების ინტერფეისებზე ზრუნვა ფრონტ-ენდ დეველოპერების საქმიანობის მხოლოდ ერთი ნაწილია; გარდა ამისა, ფრონტ-ენდი იმასაც ამოწმებს, რამდენად ხელმისაწვდომია იგივე საიტები და აპლიკაციები სხვადასხვა გაჯეტზე – სმარტფონზე, ტაბლეტზე, მაკბუკსა თუ ანდროიდზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომხმარებლები ვებ საიტებს სხვადასხვა ბრაუზერით სტუმრობენ, ფრონტ-ენდ დეველოპერმა კი, ყოველი მათგანის უპრობლემოდ ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.  იმისათვის, რომ კოდირებული დატა მომხმარებლისთვის ადვილად აღსაქმელ ინტერფეისად აქციონ, ფრონტ-ენდ დეველოპერები რამდენიმე ვებ ტექნოლოგიას იყენებენ, მათ შორის: HyperText Markup Language (HTML), Cascading Style Sheets (CSS) და JavaScript. 

Programming Webiz Georgia

რა არის HTML?

HTML საიტების შენების პროცესში სამშენებლო აგურად ან ბლოკად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ პროგრამული ენის მეშვეობით დეველოპერი აღწერს და ნიშნავს კონტენტს, რომელსაც შედეგად ბრაუზერი სწორად აღიქვამს. მაგალითისთვის, ბლოგპოსტის ვიზუალი HTML კოდში ასე ჩანს , ინტერნეტ ბრაუზერი კი, ხვდება, რომ სურათი უნდა გვაჩვენოს. HTML ერთ-ერთი ყველაზე მარტივად სწავლადი ენაა ვებ პროგრამირებაში, რომელსაც დამწყები დეველოპერები ადრეულ ეტაპზევე ითვისებენ და მალევე იგებენ, რომ ცხოვრება მხოლოდ #000000 და #FFFFFF”-სგან არ შედგება.

რა არის CSS?

Cascading Style Sheets (CSS) უფრო მეტად საიტის სტილისა და სტრუქტურის მართვის ინსტრუქციას წააგავს, ვიდრე პროგრამირების ენას. სწორედ CSS-ი ეხმარება დეველოპერებს ვებ საიტისა თუ აპლიკაციის ფორმატირებაში, პრეზენტირებასა და განლაგების მართვაში. HTML ვებ გვერდზე ელემენტებს განსაზღვრავს, CSS-ი კი, დეველოპერებს კარნახობს, როგორ ხედავენ მომხმარებლები საიტის კონტენტს; CSS-ის მეშვეობით, დეველოპერი აკონტროლებს ტექსტის ზომას, საზღვრებს, განლაგებას და ა.შ. თუ HTML საიტზე სურათებისა და ვიდეოების დამატების საშუალებას გვაძლევს, CSS მიგვითითებს, სად და რა ფორმით განვათავსოთ სასურველი კონტენტი, როგორ შევუცვალოთ ფერი, ფონტი, ადგილმდებარეობა, პოზიციონირება. CSS-ი ფრონტ-ენდ დეველოპმენტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან პოტენციურ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტის შექმნას ხდის შესაძლებელს.

რა არის Javascript?

  JavaScript-ი ვებ პროგრამირების ჰორიზონტზე 90-იანების მეორე ნახევარში გამოჩნდა, თუმცა, დღეს რთულია საიტების მის გარეშე წარმოდგენა. ჯავასკრიპტი დეველოპერებს საშუალებას აძლევს, საიტები ინტერაქციული გახადონ. ამ პროგრამული ენის მეშვეობით, მომხმარებლის ქმედებიდან გამომდინარე საიტის კონტენტის ცვლა ხდება შესაძლებელი; მაგალითისთვის, როდესაც სხვადასხვა საიტზე რაიმე ტესტს ვავსებთ და შესაძლო პასუხებიდან ერთ-ერთს ვირჩევთ, რის შედეგადაც პასუხი ან შედეგი ჩნდება, სწორედ ჯავასკრიპტის დამსახურებაა. ამ პროგრამული ენის მეშვეობით, მომხმარებლებისათვის საიტები უფრო მრავალფეროვანი, მიმზიდველი და საინტერესო ხდება. ფრონტ-ენდ დეველოპმენტში გამოიყენება ე.წ. CSS Framework-ები – მზა ჩარჩოები, რომლებიც წინასწარ დაწერილ, სტანდარტიზებულ კოდებს შეიცავს. ეს ჩარჩოები, ერთი მხრივ, საიტის საძირკველს გვთავაზობს, თუმცა, მეორე მხრივ, ცვლილებების შეტანის საშუალებასაც გვაძლევს. როგორც წესი, ფრონტ-ენდის ჩარჩოები შედგება:
  • ქსელისაგან, რომელიც დიზაინის ელემენტების ორგანიზებაში გვეხმარება;
  • ფონტის განსაზღვრული ზომებისა და სტილისაგან;
  • საიტის ჩაშენებული კომპონენტებისაგან (ღილაკები, ნავიგაცია).
Javascript Programming language

რა არის Mark Up?

კომპიუტერული დამუშავებისას, Markup ენა ერთგვარი სისტემაა ტექსტების ერთმანეთისგან გამოყოფისათვის; როდესაც ტექსტი დამუშავდება და ინტერფეისზე აისახება, Markup-ი არ გამოჩნდება მომხმარებლებისათვის და მხოლოდ ტექსტის ფორმატირებას უზრუნველყოფს.

რა არის ტესტინგი და დებაგინგი?

“თუ დებაგინგი პროგრამული შეცდომების აღმოფხვრაა, პროგრამირებას, თამამად შეგვიძლია, ამ შეცდომების დაშვების პროცესი ვუწოდოთ.” როგორი დახელოვნებულიც არ უნდა იყოს ფრონტ-ენდ დეველოპერი, ადრე თუ გვიან საიტს მაინც აღმოაჩნდება ბაგი. ვინაიდან ბაგები გარდაუვალია, დეველოპერი აუცილებლად დახელოვნებული უნდა იყოს საიტის შემოწმებასა და დებაგინგში. პროგრამული უზუსტობების გამოსავლენად არსებობს საიტის დატესტვის არაერთი საშუალება და მეთოდი, დებაგინგი კი, ამ ტესტების მეშვეობით გამოვლენილი უზუსტობებისა და ნაკლოვანებების თავიდან მოშორებაა. კომპანიები დებაგინგის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, თუმცა, თუკი ერთ-ერთს მაინც ცდით, არც სხვების გამოყენება გაგიჭირდებათ.

ნინი ბატიაშვილი

ნინი ბატიაშვილი

ნინი ბატიაშვილი Webiz-ის გუნდს 2021 წელს ფრილანსერ ქოფირაითერად შემოუერთდა. ის პატარა გუნდთან ერთად საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობს და დაინტერესებულ ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების უკეთ გააზრებაში ეხმარება. მუდმივად ახალი ცოდნისა და გამოცდილების ძიება ნინის მთავარი გამოწვევაა.

ბოლოს დამატებული